logo
ENG



"გავაძლიერებთ იერიშებს" - ისრაელი ღაზის მოსახლეობას სამხრეთით ევაკუაციისკენ ისევ მოუწოდებს

22 ოქტ 202312:05
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელი ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს - ამის შესახებ ისრაელის არმიის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა ეს თავისივე უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთონ, რადგან ისრაელი ღაზის მიმართულებით შეტევებს გააძლიერებს.

"თქვენი უსაფრთხოებისთვის გადადით სამხრეთით, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ იერიშებს ქალაქი ღაზას მიმართულებით, თვალყურს ვადევნებთ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ეგვიპტიდან შევიდა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ წყალი და მედიკამენტები გავრცელდეს იმ ტერიტორიაზე, რაც განვსაზღვრეთ. ყველა შენობა, რომელიც ღაზაში ინგრევა, არის შენობა, რომლიდანაც ჰამასი ტერორისტულ ძალებს მართავს, ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ შენობები დაინგრეს", - განაცხადა მან.

ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმების გახშირების ფონზე ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 

ახალი გეგმა დამატებით 14 სოფელზე გავრცელდება. მანამდე IDF საზღვართან 2 კილომეტრში მდებარე დასახლებებიდან აპირებდა ხალხის ევაკუაციას, რაც ჯამში 28 თემს მოიცავდა.

ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია 20 ოქტომბერს დაიწყო და თქვა, რომ ევაკუირებული მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში გადანაწილდებოდაგადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა. ისრაელისა და ლიბანის საზღვარი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო ზონად რჩება.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.


close დახურვა